პრემიერი: საერთაშორისო სასამართლო დღეს პირველად შეაფასებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, რაც უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

7

“დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ“. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში.

„ეს გადაწყვეტილება იქნება შედეგი 12-წლიანი შრომის ჩვენი თანამოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების და რა თქმა უნდა ჩვენ, ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ ეს ახდენს კომპენსაციას ჩვენი დაზარალებული მოქალაქეებისთვის და ამისთვის საფუძველი იქმნება, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის პირველი საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის ომის“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორისი კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. დღეს არის უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება წლის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში და ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისი კოორდინირებულ დონეზე დაიწყოს ოკუპაციის მიმართულებით მოქმედებები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Comments
Loading...