პრემიერი: საბაჟო კოდექსის პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე

43

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბიზნესის განვითარებისთვის ვაგრძელებთ მეგობრული საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ეკონომიკურ რეფორმებთან ერთად ითვალისწინებს კანონმდებლობის სრულ ჰარმონიზაციას ევროკავშირის სტანდარტებთან.

ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით მუშაობა დასრულდა საბაჟო კოდექსის პროექტზე, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ევროკავშირიდან ინვესტიციების მოზიდვისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროპულ ბაზარზე.

დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები. შეიქმნება სტაბილური ბიზნესგარემო, დაინერგება კიდევ უფრო მეტად გამარტივებული საბაჟო პროცედურები, კერძო სექტორისთვის შემცირდება დანახარჯები, რომელიც დაკავშირებული საგარეო ვაჭრობასთან. ეს არის ციფრული საბაჟო განვითარების კონცეფცია, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელექტრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.

საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში", – აცხადებს ბახტაძე.

Comments
Loading...