პრემიერი: განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს შთამბეჭდავი რესურსი გვაქვს

572

კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდერს რუნევადმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, აქვს განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე ამოქმედდა 20.7 მეგავატის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური “ქართლი 1”. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე “ჭკვიანი” ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.

დანიური კომპანია Vestas Wind Systems-ი, რომელიც 1898 წელს დაარსდა, მსოფლიოში ქარის გენერატორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია ასევე აწარმოებს ქარის ტურბინების პროექტირებას, მონტაჟსა და მათ მომსახურებას. დღესდღეობით Vestas Wind Systems-ის ქარის გენერატორები განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში.

Comments
Loading...