პრემიერი: აუცილებელია გერმანიასთან პოლიტიკურ ურთიერთობას, ეკონომიკური თანამშრომლობაც დავაწიოთ

51

"ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალ პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმას და ბევრ სხვა ინიციატივას.

ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზე, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას, დამატებითი რესურსების მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე და აქ საქართველოს აქვს უნიკალური როლი. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას და KFW-ს, რომელთანაც ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოში გაზსაცავი აშენდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კიდევ უფრო მეტ ენერგოდამოუკიდებლობას. ვისაუბრეთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.

იცით, რომ "საქართველოს რკინიგზა" და "დოიჩე ბანი" არიან ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები. ძალიან კარგია, რომ გერმანული კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება. აუცილებელია, იმ ძალიან კარგ და დიდ პროგრესს, რასაც პოლიტიკურ ურთიერთობებში მივაღწიეთ, ეკონომიკური თანამშრომლობაც დავაწიოთ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ კანცლერს, გერმანიას, გერმანელ ხალხს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...