პოლიტკოვსკაიას N55. N57 კორპუსების მიმდებარედ ორი ახალი სპორტული მოედნის მოწყობა დაიწყო

6

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ვაკის რაიონში, პოლიტკოვსკაიას N55, N57 კორპუსების მიმდებარედ ახალი სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე, ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, შემდეგ კი სტადიონების საფუძვლის მშენებლობა დაიწყება.

აღნიშნულ ტერიტორიაზე სტადიონი არ არსებობდა. პროექტის შედეგად, შემოღობილ საფუძველზე, დაახლოებით, 1 000 კვ. მ ფართობზე განთავსდება ორი სტადიონი – საფეხბურთო და საკალათბურთო. დამონტაჟდება კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, დაიგება რბილი საფარი, მოეწყობა განათების ქსელი და გულშემატკივართა ტრიბუნა.

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.

„ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ არსებობდა არც სპორტული მოედნები, არც სხვა დასასვენებელი სივრცე. გასულ წლებში გამგეობამ სკვერის პროექტი განახორციელა, ახლა კი, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნების მოწყობის სამუშაოები დავიწყეთ. ყოველწლიურად ვცდილობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას, ამიტომ ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

აღნიშნულ სამუშაოებს, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „კვადრელი“ აწარმოებს.

Comments
Loading...