„პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებებმა, საპენსიო მომსახურების სურვილი ყველა ბანკს გაუქრო“ – გიორგი კაპანაძე

8

„დღის წესრიგში დგას საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურების ახალი ტენდერის გამოცხადების საკითხი. დასანანია, რომ მთელი რიგი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო და კონკრეტული ბანკის რეპუტაციის შელახვაზე აგებული განცხადებების გამო, ამ სერვისის გაწევის სურვილი საბანკო სექტორს დაკარგული აქვს“, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების გაუთვლელმა განცხადებებმა საპენსიო მომსახურების სურვილი ყველა ბანკს გაუქრო.

„პენსიების საბანკო მომსახურების და მასთან დაკავშირებული სესხების საკითხი, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე, მთელი რიგი პოლიტიკური პარტიების წამყვანი საკომუნიკაციო მიმართულება იყო. გარდა იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნების ბუნებისა და შინაარსის გათვალისწინებით ცოტა არ იყოს გაუგებარიცაა, რატომ აქციეს ეს საკითხი პოლიტიკოსებმა წარმმართველ ხაზად, მათი გაგება კიდევ შესაძლებელი იქნებოდა, თუკი მათ განცხადებებში კონკრეტულ გათვლებსა და რეალურ შესაძლებლობებზე საუბარს დავინახავდით. სამწუხაროდ, არა – მთელი ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შიშველი პოპულიზმი და საბაზრო პრინციპს ძირშივე აცდენილი მსჯელობა გვხდებოდა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ამგვარმა ქმედებამ საბანკო სექტორს დაანახა, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, პოლიტიკური სპექტრის მნიშვნელოვან ნაწილს შეუძლია ანგარიშმიუცემლად მიაყენოს დაუმსახურებელი რეპუტაციული ზიანი, როგორც ამა თუ იმ კონკრეტულ საბანკო ინსტიტუტს, ისე მთლიანად სექტორს.

„მივიღეთ სურათი, როცა მიმდინარე ეტაპზე პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის გამწევი ბანკი, „ლიბერთი ბანკი“, თვეების მანძილზე, უარგუმენტოდ და უაპელაციოდ ილანძღებოდა პოლიტიკოსების მხრიდან.

ბუნებრივია, როცა საკითხთან დაკავშირებით, პოლიტიკური ძალების მხრიდან არაკონსტრუქციული აქტიურობა წესად არის ქცეული. და როცა პოლიტიკური სპეკულაციების მიზნით გამოთქმული, მათ შორის, სარეკლამო რგოლებში ტირაჟირებული, რეპუტაციულად დამაზიანებელი ფრაზები ისმის ეკრანებიდან, ბანკები, რომლებიც პირველ რიგში, ნდობის ინსტიტუტს წარმოადგენს, სერიოზულად დაფიქრდებიან, ვიდრე პენსიების დასარიგებლად გამოსაცხადებელ განახლებულ ტენდერში მონაწილეობას გადაწყვეტენ. თუ დღეს პოლიტიკოსები უაპელაციოდ ლანძღავენ „ლიბერთი ბანკს“, რა გარანტია აქვს ნებისმიერ სხვას, რომ ხვალ ის არ გაილანძღება და არ გახდება პოლიტიკური კეკლუცობის მსხვერპლი?“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.

Comments
Loading...