პირველად ბოლო 34 წლის მანძილზე, აშშ-ში ნავთობის ფასი უკვე მეათე დღეა, მცირდება

33

Light Sweet-ის ფირმის ნავთობის ფასი ბარელზე 60,19 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ფასების შემცირება უკვე მეათე დღეა, რაც განუწყვეტლივ გრძელდება. ასეთი შემთხვევა კი, ბოლოს 1984 წელს არის დაფიქსირებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიუ-იორკში ნავთობის ფასი, ოქტომბრის მაქსიმალურ მაჩვენებლტან შედარებით 21%-ით დაეცა. ექსპერტები კი ფიქრობენ, რომ ეს ტრენდი ჯერჯერობით არ შეწყდება.

ფასების ვარდნის მიზეზი ის ფაქტია, რომ აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, საუდის არაბეთმა, რუსეთმა და აშშ-მა, გასულ თვესთან შედარებით, გაზარდეს ნავთობის მოპოვების მოცულობა. ამის შედეგად კი გაქარწყლდა ის საფრთხე, რომ ირანთან მიმართებაში დაწესებული შეზღუდვების ფონზე ბაზარზე დეფიციტი გაჩნდებოდა. ამასთან ერთად, ფასების დაცემაზე აგრეთვე იმოქმედა ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის შენელებამ.

თუმცა, აგრეთვე არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ბაზარზე ამჟამად არსებული სიტუაცია დროებითია. BNP Paribas-ის ექსპერტის მოსაზრებით, ფასებმა ზრდა შესაძლოა მაშინ დაიწყოს, როდესაც ბაზრის ძირითადი მოთამაშეები მიხვდებიან, რომ საუდის არაბეთი ვერ შეძლებს ირანული ნავთობის კომპენსირებას.

Comments
Loading...