პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

40

91 მომხრე, 9 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

2019 სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 13 მილიარდ 90 მილიონ ლარით განისაზღვრა. მათ შორის საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 11 მილიარდ 696 მილიონ 200 ათასი ლარს, გრანტები – 92 მილიონ 700 ათას ლარს, ხოლო კრედიტები – 1 მილიარდ 301 მილიონ ლარს.

მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა – 4.5%-ს, მშპ-ს დეფლატორი – 3.5%-ს, ინფლაცია კი – 3%-ზეა გათვლილი.

წინა წელთან შედარებით საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2019 წელს ბიუჯეტი 225 მილიონი ლარით გაიზარდა და საბოლოო ჯამში 1 მილიარდ 925 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2019 წლის 1 იანვრიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

2019 წელს ხელფასები გაეზრდებათ სასაზღვრო პოლიციას, მეხანძრეებსა და მაშველებს.

2019 წელს მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 9 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. 2019 წელს კი, 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მცირდება ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა. 2019 წელს 140 ადამიანის ნაცვლად იქ 60 იქნება დასაქმებული.

უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 მილიარდ 641 მილიონზე მეტია.

უწყებების ბიუჯეტი:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი – 3 მილიარდ 968 მილიონ 400 ათასი ლარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 2 მილიარდი ლარი.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 1 მილიარდ 508 მილიონ 500 ათასი ლარი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 338 მილიონ 900 ათასი ლარი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 369 მილიონ 550 ათასი ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – 91 მილიონ ლარს.

იუსტიციის სამინისტრო – 181 მილიონ 130 ათასი ლარი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 136 მილიონ 500 ლარი.

თავდაცვის სამინისტრო – 875 მილიონი ლარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 741 მილიონ 600 ათასი ლარი.

Comments
Loading...