პარლამენტმა აზარტული თამაშების გარე რეკლამის შეზღუდვაზე ლევან გოგიჩაიშვილის კანონპროექტი ჩააგდო

45

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა.

საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პირველი მოსმენით კენჭის საყრელი საკითხების სიაში ორი თვე იყო, დღეს მხოლოდ მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.

მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი ინიციატორი პროექტს ახლიდან, ახალი ფორმულირებით შემოიტანს, უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს.

აღნიშნული არგუმენტი მიუღებელი აღმოჩდა თავად ლევან გოგიჩაიშვილისთვის.

“თუკი პროექტის სულისკვეთებას იზიარებთ, მხარი დაუჭირეთ მას და თქვენი სახელი დაარქვით, ოღონდ მიიღეთ ხალხისთვის“, – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველ გუნდს.

უმრავლესობიდან დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა და 10 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველი ხდება.

პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო, სამედიცინო, სპორტულ და კულტურის დაწესებულებებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 200 მეტრის რადიუსში.

Comments
Loading...