პანდემიასთან ბრძოლის გაუმჯობესების ფონზე, ჩინეთის ეკონომიკამ რეკორდული ზრდა აჩვენა

6

2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა რეკორდული – 18,3%-ით გაიზარდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ყველაზე მაღალი იყო 1992 წლის შემდეგ. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყნის მშპ 2021 წლის პირველ კვარტალში იყო 24,93 ტრილიონი იუანი (3,8 ტრილიონი დოლარი) და გადააჭარბა წინა რეკორდს, 15,3%-ს, რომელიც 1993 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა.

ამავდროულად, ინდიკატორი ექსპერტების მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა. მათი პროგნოზით, ზრდა მინიმუმ 19% იქნებოდა.

2020 წლის იანვარ-მარტში – ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის პიკზე – ქვეყნის მშპ 6,8%-ით შემცირდა, რაც ანტირეკორდული მაჩვენებელია.

2020 წლის მეორე კვარტალში, კორონავირუსის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ჩინეთის ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ამრიგად, გასული წლის მეოთხე კვარტალში ჩინეთის მშპ-ს ზრდა მხოლოდ 0,6%-ით ნაკლებია, ვიდრე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში.

მარტში ჩინეთის სამრეწველო წარმოებამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.1%-ით მოიმატა, ხოლო საცალო ვაჭრობამ 34.2%-ით.

ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსი პროგნოზირებს ზრდის შენელებას ჩინეთის ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მთავრობის ფისკალური და მონეტარული მხარდაჭერის შემცირების გამო.

Economist Intelligence Unit-ის ანალიტიკოსის იუე სუს თქმით, უახლოეს კვარტალებში ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპი შენელდება.

ამის მიუხედავად, უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩინეთის ეკონომიკა რეკორდული რეცესიის შემდეგ აგრძელებს ზრდას.

კორონავირუსის შემაკავებელი მკაცრი ზომების წყალობით და ბიზნესის დახმარების ფონზე, ქვეყნის მშპ სტაბილურად გაიზარდა. მიუხედავად 2020 წლის ცუდი დასაწყისისა, ჩინეთი გახდა ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც ზრდა აჩვენა, თუმცა ყველაზე სუსტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში (2.3%).

ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი 6%-ს გადააჭარბებს.

Comments
Loading...