პაატა ცინცაძე: ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ ეს რესურსი უნდა აითვისოს

6

„ჰიდრორესურსების ათვისების მსოფლიო გამოცდილებაც ცალსახად მეტყველებს, რომ საქართველომ უნდა აითვისოს ეს რესურსი. მაგალითად, შვეიცარიაში, რომელიც ტერიტორიით ჩვენზე მცირე ქვეყანაა და მისაბაძია უამრავი მიმართულებით, დღეს ერთ-ერთი უდიდესი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანაა და მისი ჰესების ჯამური სიმძლავრე 35000 მეგავატია, 10-ჯერ მეტი ვიდრე ჩვენს ჰესებს გააჩნია. ასევეა ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიაში, ესპანეთსა და ა.შ.“ – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ.

მისი ინფორმაციით, შვეიცარიაში 600 მეტი დიდი და საშუალო ჰესია, აქედან 350 მეტი წყალსაცავიანი მარეგულირებელი. გარდა ამისა, ქვეყანაში არის 1000 მიკრო და მცირე ჰესი და რაც მთავარია 25-ზე მეტი 100 მეტრზე მაღალი კაშხალი. მისი თქმით, ასეთ კაშხლებს შორის ყველაზე მაღალია 284 მეტრიანი გრანდ დიქსენის კაშხალი, რომელიც ჩვენს ენგურის კაშხალზე მაღალია.

პაატა ცინცაძემ ასევე მოიყვანა იაპონიის მაგალითი, სადაც 200-ზე მეტი აქტიური ვულკანია და ამავე დროს, ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა აქტიურად ხორციელდება. „იაპონიის სეისმურ, გეოლოგიურ სირთულეებზე ლეგენდებია, მაგრამ უკვე ფუნქციონირებს 3000 – ზე მეტი ჰიდროსადგური და კაშხლიანი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა დღესაც გრძელდება,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

„ცალკე მინდა შევჩერდე მცირე ჰესებზე, რომლებიც ასევე შეტევების სამიზნეა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ევროპისკენ, საითაც მივისწრაფვით, 21800 მცირე ჰესია და უმეტესი მათგანი კონცენტრირებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია -7512, იტალია – 2427, საფრანგეთ – 1935, შვედეთი- 1901 და ა.შ. ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებ, რომ განვითარებული მსოფლიო კაშხლიან ჰესებს აღარ აშენებს, რაც არ არის სიმართლე. ჰესებს დღესაც ყველა ქვეყანა აშენებს, ვისაც ამის რესურსი დარჩა და გააჩნია. მაგალითად ნორვეგიაც გამოდგება, რომელიც დღესაც აგრძელებს ჰიდროსადგურების მშენებლობას და ეს, როდესაც ჰიდრო რესურსი 93% ით აქვს ათვისებული,“ – განაცხადა პაატა ცინცაძემ.
მისი თქმით, ბოლო 30 წელიწადში (1990-2018) ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში ჰიდროენერგიის წარმოება 30%- ით გაიზარდა 514 ტერავატსთ-დან 674 ტერავატსთ მიაღწია. მათ შორის, შვეიცარიაში ზრდა იყო 30% (10 ტერავატსთ), ავსტრიაში – 32% -ით (12 ტერავატსტ), ხორვატიაში – 50%-ით (2 ტერავატსთ), საქართველოში კი – მხოლოდ 17% (1.3 ტერავატსთ.)

Comments
Loading...