პაატა შეშელიძე: თუ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, სავარაუდოდ ლარი ისევ გამყარდება

676

ლარის მასა შემცირდა და ამან ეროვნული ვალუტის გამყარება გამოიწვია, – ამის შესახებ ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი სავარაუდოდ რეფინანსერების განაკვეთს გაზრდის, რაც დიდი ალბათობით ლარის გამყარებას გამოიწვევს, თუმცა ეს სხვა ფაქტორებზეც იქნება დამოკიდებული.

“ცვლილებები ძალიან ცუდია, ადამიანებს არ აძლევს საშუალებას თავისი საქმიანობა დაგეგმონ. ყოველთვის არის რეგულაციის ასპარეზი და როგორც წესი აფერხებს მნიშვნელოვან საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება მიზეზს, რამაც ლარის გამყარება გამოიწვია ის არის, ის რომ ლარის მასა შემცირდა.

პრაქტიკულად უკვე ცნობილია, რომ მომავალი კვირიდან ეროვნული ბანკი გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ ლარი კიდევ გამყარდება. ოღონდ ერთი ნიუანსია, რეფინანსირების სესხს და საერთოდ ფულის მოზიდვას უნდა შევხედოთ. შესაძლოა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოხდეს ხვალ ან პარასკევს. თუ ლარის მასა გაიზრდება, მაშინ ლარი გაუფასურებისკენ წავა, თუ შემცირდება, ან იგივე მაინც დარჩება – გამყარებისკენ.

როგორც იცით ამოქმედდა ლარიზაციის პროგრამა, სესხების ლარში გაცემა, ცხადია ესეც იქონიებს გავლენას. შესაძლოა ამან ლარზე მოთხოვნა გაზარდოს, ანუ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი ეს არ ვიცი. მაგათ ლოგიკას ვერ გაიგებ. თვითონაც არ იციან რას აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში გამოაქვეყნებდნენ რომ იცოდნენ”, – განაცხადა შეშელიძემ.

მისივე თქმით, მონეტარული პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს. მცურავი კურსის ნაცვლად მიბმული კურსი უნდა იყოს.

“მთავარია, რომ ისევ ეროვნული ბანკის სტატისტიკას ვუყუროთ. მგონია, რომ მონეტარული პოლიტიკა განსხვავებული უნდა იყოს, თუ საერთოდ უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ საერთოდ არ უნდა იყოს. არ უნდა გვქონდეს მცურავი ეროვნული კურსი, მიბმული ვალუტა უნდა იყოს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს აქვთ გარკვეული წარმოდგენა, როგორ უნდა მართონ ფულის მასა. მათ ჰგონიათ, რომ მთავარია ინფლაცია არ იყოს და ფასები არ გაიზარდოს. მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ფასებთან დაკავშირებით. მათ შეუძლია პროგნოზი გააკეთონ. აქედან გამომდინარე მათი რეაქცია ხშირად დაგვიანებულია და ასეთ არაპროგნოზირებად ცვლილებებს იწვევს. 1-2%-იანი ინფლაცია თითქოს არაფერია, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარი ვითარება უნდა იყოს. არსებული სიტუაცია გვკარნახობს, რომ პროდუქტი უფრო იაფი უნდა იყოს. ჩვენთან ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ამას ეკონომიკური ვითარება გვკარნახობს. ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის მოცულობა მცირდება. ეს არის ის პრობლემა რაც გვაქვს”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

შეგახსენებთ, ლარი დოლართან მიმართებაში 0.05 პუნქტით გამყარდა. ოფიციალური კურსით, ხვალ 1 დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი იქნება. დღეს კი, 1 დოლარის შეძენა 2.7084 ლარად არის შესაძლებელი.

Comments
Loading...