ოთარ ანგურიძე: ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო და ქმედითი ნაბიჯი გადადგა

47

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე კომპანია “ოჯთ”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კომპანიის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მიხვდა, რომ სახარბიელო მდგომარეობაში არ იყო და ქმედითი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა. მისივე თქმით, სახელმწიფო ლოიალურადააა განწყობილი იმ კომპანიის მიმართ, რომელსაც ამდენი დასაქმებული ადამიანი ჰყავს.

“როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილიც მიხვდა, რომ არ იყო მისთვის სახარბიელო მდგომარეობაში და გადაწყვიტა, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. იმ გამოქვეყნებულ ვიდეომასალასაც გაუვიდა “ვადა”. თუნდაც ის, ფაქტი, რომ კომპანიამ ჯერ მხოლოდ 1 მილიონი ლარი ჩარიცხა და მოითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, რასაც ხელისუფლებისგან შესაბამისი რეაქცია მოყვა, დასაფასებელია. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანები, ვინც ამ საწარმოში არიან დასაქმებული და რა თქმა უნდა, მათი უმუშევრად დარჩენა არავის სურს. ამიტომ, მათი მხრიდან ასეთი ლოიალური ნაბიჯი გასაგებია. პრივილეგიაზე საუბარი არაა. სახელმწიფო ხელს უწყობს კომპანიას, გააგრძელოს წარმოება, მიიღოს შემოსავალი და დარჩენილი დავალიანებაც გადაიხადოს. ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი მსხვილი კომპანიიის არსებობა, როგორიც “ომეგა ჯგუფია”, რადგან მოგეხსენებათ, რამდენ სამუშაო ადგილს ქმნის ის”, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “ომეგა ჯგუფის თამბაქომ” სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, 1 მილიონი ლარი ჩარიცხა.

როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, კომპანიამ წარმოების განახლება ითხოვა, დაგროვილი ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

Comments
Loading...