ოზურგეთის მერი: მზად ვარ, ჩავერთო ფონდის საქმიანობაში და თანადგომა გავუწიო ნებისმიერი მიმართულებით

348

ქალაქ ოზურგეთში ფონდ "გურული დღიურების" პრეზენტაცია გაიმართა. მისმა დამაარსებელმა, მწერალმა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ასევე ფონდის წევრებმა საზოგადოებას ფონდის საქველმოქმედო მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრეს.

პრეზენტაციას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

"გურული დღიურების" ფონდის ძირითადი მიმართულება ნიჭიერ მოსწავლეთა დაფინანსება და განათლების ხელშეწყობაა. აღნიშნული ფონდი, რომელშიც შემოწირულობებთან ერთად, წიგნებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილი ირიცხება, სამ ოზურგეთელ ბავშვს ყოველთვიურ სტიპენდიას გადაუხდის.

სოციალურად დაუცველი დები, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები – ლია და ნია გეგიაძეები ფონდიდან ყოველთვიურად 50-50 ლარს მიიღებენ, ხოლო პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი ქობულაძე -100 ლარს.

"მართლაც ძალიან კარგ ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. დაფუძნდა ფონდი, რომელიც წარჩინებულ მოსწავლეებს წაახალისებს და განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით, ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს. მზად ვარ, სულითა და გულით ჩავერთო ფონდის საქმიანობაში და თანადგომა გავუწიო ნებისმიერი მიმართულებით", – აცხადებს ბეგლარ სიორიძე.

"მართლაც მნიშვნელოვანი დღეა ბევრი თვალსაზრისით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვნახეთ სამი ძალიან გახარებული ახალგაზრდა, რომელიც გამორჩეულია კარგი სწავლით, რაც ძალიან მახარებს. მეორე მხრივ, კარგია, რომ ასეთი ფონდი დაფუძნდა, რომელიც სწორედ განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. ასევე ძალიან კარგია, რომ ქალაქ ოზურგეთის მერია, სახელმწიფო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთნენ ფონდის მხარდაჭერის მიმართულებით", – აცხადებს გიორგი კეკელიძე.

გურიის რეგიონის შემდეგ, "გურული დღიურების" ფონდის წევრები შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავენ.

Comments
Loading...