ნანა ტოხვაძე: სასკოლო განათლებას საქართველოში შველა სჭირდება

137

პოლიტიკური პლატფორმა – "ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, 2018 წლის საატესტატო გამოცდების საგანგაშო შედეგებს ეხმაურება. ნანა ტოხვაძემ, საერთაშორისო რეიტინგების შკალაზე საქართველოს ადგილზე ისაუბრა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა  და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდა, გაეცნონ  და გაანალიზონ ბოლო ათწლეულის სავალალო შედეგები.

"სასკოლო განათლებას საქართველოში შველა სჭირდება. მივმართავ ბ-ნ, ჩხენკელს, ნუ შეაყრის თვალში ნაცარს საზოგადოებას და გამოფხიზლდეს; სამოქმედო გეგმა, რომელიც მან წარადგინა ახლოსაც კი არ არის სასკოლო განათლების გამოწვევებთან და მასზე რეფორმის დარქმევა, რბილად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლობაა.  წლევანდელი საგამოცდო შედეგები არის სამარცხვინო! 2018 წლის საატესტატო გამოცდებზე 11.000 მეტი მე-12 კლასელი ჩაიჭრა. ციფრი საგანგაშოა იმ ფაქტის  გათვალისწინებით, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების  22 % შედის 2.400 მეტი აბიტურიენტი, რომელთაც განაცხადი შეიტანეს საერთო ეროვნულ გამოცდებზე და წელს უმაღლეს სასწავლებლებში გეგმავდნენ ჩაბარებას. განსაკუთრებით სავალალო შედეგებია მოსალოდნელი მე-11 კლასის საატეტსტატო გამოცდებში, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ბარდება 4 გამოცდა", – განაცხადა ნანა ტოხვაძემ.

"ახალი საქართველოს" განათლების მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, დღეს სკოლებს სჭირდებათ მართვის ცოცხალი პრაქტიკა და რეალური ავტონომია. ნანა ტოხვაძის განცხადებით, გასათვალისწინებელია ესტონეთის, ფინეთის, ჰოლანდიისა და სხვა ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების გამოცდილება. მისივე თქმით, ბავშვზე ორიენტირებული სკოლის რეფორმა, უნდა გულისხმობდეს, ზოგადი განათლების ბიუჯეტირებას და გაწეული ხარჯის მიახლოებას მშპ 2.5 % მაინც.

როგორც ოპოზიციურ პარტიაში განაცხადეს, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ თემაზე პრეზენტაციას გამართავენ, სადაც  განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და  დაინტერესებულ პირებს, განათლების სისტემის გაუმჯობესების კუთხით, საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გააცნობენ.

Comments
Loading...