ნათია ღვინაშვილი: პანდემიის მიუხედავად, საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია აქტიურად მიმდინარეობდა

14

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება, დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), წევრ მუნიციპალიტეტებთან ერთად, წელსაც აქტიურად ჩაერთო აღნიშნულ კამპანიაში და 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა თემატური აქტივობები გამართა, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევაზე იყო ორიენტირებული.

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, CEMR-ში ეროვნულმა კოორდინატორმა და ექსპერტმა, ასევე პროექტის – „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა, 16 დღიანი კამპანიის შეფასებისას აღნიშნა, ორგანიზაციის მიზანს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და უთანასწორობის აღმოფხვრა წარმოადგენს, შესაბამისად, ყველა მუნიციპალიტეტის გამაერთიანებელი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა.

აღსანიშნავია რომ ასოციაციამ, წევრი თვითმმართველი მუნიციპალიტეტებისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დამხმარე ინსტრუქცია შეიმუშავა, რომელიც თვითმმართველობებს წელსაც განახლებული სახით მიეწოდათ.

,, მოგეხსენებათ, პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის ფაქტებმა იმატა, შესაბამისად გზამკვლევის ძირითად თემებს სწორედ, სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმირებულობა და ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა ღონისძიებების გატარება წარმოადგენდა. აღნიშნული მასალით აქტიურად იხელმძღვანელა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტმა და საკუთარ ვებ-პლატფორმებსა თუ სოციალურ მედიაში, ათეა-ს პარტნიორ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად მომზადებული თემატური პოსტერები გაავრცელა.

25 ნოემბერს კვლავ ნარინჯისფრად განათდა დედაქალაქის ანძა. თბილისის ყველა გამგეობაში კი, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სამიზნე აუდიტორიასთან მოეწყო შეხვედრები.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მსგავსად აქტივობები გაიმართა, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში. პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიებათა უმრავლესობა ონლაინ რეჟიმში წარიმართა, თუმცა აღნიშნულ ფორმატს ხელი არ შეუშლია ძირითადი გზავნილების გაჟღერებაში, რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერას გულისხმობს.

თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ეწყობოდა ონლაინ ტრენინგები და სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის, იმართებოდა უფლებადამცველი ქალების, შიდსთან ბრძოლის, შშმ პირთა, მოხალისეთა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“,- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

ათეა-ს წარმომადგენელმა ასოციაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა და კამპანიის ფარგლებში გამართული რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გამოყო.

,, აღსანიშნავია, რომ უთანასწორობის აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ათეა-მ არაერთი შეხვედრა გამართა, თუმცა ცალკე გამოვყოფდი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე გამართულ საჯარო დისკუსიას, რომელიც ე.წ. Facebook Live -ის საშუალებით მიმდინარეობდა. აღნიშნულმა დისკუსიამ, რომლის ორგანიზებაშიც გაეროს ქალთა ორგანიზაცია დაგვეხმარა, თემით დაინტერესებულ პირებს საშუალება მისცა, უფრო სიღრმისეულად გაცნობოდნენ, როგორც ადამიანის უფლებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ისე თვითმმართველობის უფლებებსა და ვალდებულებებს.

სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის გამოცდილებისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაზიარება დადებითად აისახება, როგორც მუნიციპალიტეტზე, ისე თითოეულ მოქალაქეზე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG ) და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის თანამშრომლობით, 9 დეკემბერს გამართული მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

შეხვედრაზე, რომელსაც ევროსაბჭოს, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მხვდა პატივი ეროვნული ასოციაციის როლსა და მიზნებზე მესაუბრა და აქცენტი გენდერული ნიშნით უთანასწორობაზე, როგორც ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე გამეკეთებინა.

მიმაჩნია, რომ ქვეყნის მდგრადი განვითარების მისაღწევად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სწორედ ქალთა გაძლიერება წარმოადგენს, შესაბამისად ათეა, წევრ მუნიციპალიტეტებთან კვლავინდებურად გააგრძელებს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ათეა-ს მედია ქსელის მეშვეობით, ყოველდღიურად ხდებოდა ღონისძიებებისა და კარგი პრაქტიკის ურთიერთგაზიარება. ასევე, ორგანიზაციის პორტალზე თავსდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე.

გამოქვეყნდა ინფოგრაფიკა, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა/დამნაშავეთა გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკას ასახავდა და რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, მომზადდა სტატია, რომელშიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ქალების ისტორიებია მოთხრობილი“,- აღნიშნა ნათია ღვინაშვილმა.
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.
აღსანიშნავია, რომ 16 დღიანი კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეა-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Comments
Loading...