ნათია თურნავა: ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურჰესის რეაბილიტაციაზე

6

„ძალიან დიდი მადლობა ენგურჰესის თითოეულ თანამშრომელს და თითოეულ მუშას, ვინც მუშაობდა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ამ სამუშაოებს ქართული კომპანია ასრულებდა, თუმცა ამ პროცესში უცხოელი ინჟინრები და სპეციალისტები იყვნენ ჩართულები. დიდი მადლობა ყველას, რომ ასე ოსტატურად და ვადაზე ადრე განახორციელეს ამ ურთულესი სამუშაოს დასრულება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

დღეიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროენერგოსადგური საქართველოს ენერგეტიკის ერთიან ქსელში ჩაერთო. სადერივაციო გვირაბის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ენგურჰესის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა.

სადგურის სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ენერგონმა“ შეასრულა. პროცესში ჩართული იყვნენ გერმანელი სპეციალისტები. სადგურის სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა. გვირაბის რეაბილიტირებული მონაკვეთის ინსპექტირება ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. მხარეების შეფასებით, შესრულებული სარემონტო სამუშაოები დადგენილ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციისთვის 8 მლნ ევროს ფინანსური რესურსი იყო გამოყოფილი.

Comments
Loading...