ნათია თურნავა: სპორტული ობიექტები, საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სესხის სუბსიდირების პროგრამაში ჩართვას შეძლებენ

15

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გავრცელდეს სპორტული ობიექტებზე, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რომ მათ დაუსუბსიდირდეთ როგორც ბანკის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აღებული სესხის და ლიზინგის პროცენტი. სპორტული ობიექტების შემთხვევაში, პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს ანუ საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტული აქტივობებით, ფლობენ მსგავს ობიექტებს და აქვთ სესხი, ან ლიზინგის პროცენტს იხდიან. მათ ჩვენ 80 პროცენტით დავუფინანსებთ სესხის პროცენტს“ – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის თქმით, სუბსიდირება ასევე შეეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს, მათ შორის ინკლუზიური განათლების ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს – მათაც 80 პროცენტით, 6 თვის განმავლობაში, დაუსუბსიდირდებათ სესხის პროცენტი.

„ამ კატეგორიის ობიექტები, ამ ეტაპზე, ვერ განაახლებენ საქმიანობას, თუმცა, დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამის გადახედვა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას, რადგან მცირეწლოვან ბავშვებზე გვაქვს საუბარი. ამიტომ ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნას და სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამას ვავრცელებთ საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზეც“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Comments
Loading...