ნათია თურნავა: სარესტორნე ინდუსტრიის დასახმარებლად პროგრამაში “აწარმოე საქართველოში” მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა

6

პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ განვახორციელეთ მორიგი ცვლილებები და ის ამჯერად შეეხება ბიზნესჯგუფებს, რომლებიც მეტად დაზარალდა პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ან დიდი ხნით იყო გაჩერებული, ან ჯერ კიდევ ვერ იწყებს საქმიანობას. მათ შორის არის რესტორნები და კვების ინდუსტრია, რომელთა სესხების სუბსიდირებისთვის 8 თებერვლიდან ვიწყებთ განაცხადების მიღების ახალ ეტაპს“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რესტორნებისა და კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეეძლებათ 8 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გააკეთონ განაცხადი, რომ 6 თვის განმავლობაში მათ მიერ აღებული სესხების პროცენტის სუბსიდირება სახელმწიფომ განახორციელოს.
„ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავიწყეთ სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა სარესტორნე ინდუსტრიისთვის. პირველი შეხვედრისთანავე საკმაოდ დიდი ინტერესი იყო და 2000-მდე რესტორანმა მოგვმართა, თუმცა, გამოვლინდა გარკვეული ტექნიკური თუ იურიდული ნიუანსები, რაც, დავუშვათ, ამ დაინტერესებული ობიექტებიდან ბევრს ხელს უშლიდა პროგრამაში ჩართვაში. ჩვენ გადავხედეთ ამას, გავაანალიზეთ და საკმაოდ სერიოზული შემსუბუქებით ვაცხადებთ უკვე განაცხადების მიღების მეორე ეტაპს, რომ ამ სექტორს 2020 წლის 1 დეკემბრამდე აღებული სესხების პროცენტი დავუსუბსიდიროთ“ – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამას, საბანკო სესხებთან ერთად, დაემატა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული სესხების სუბსიდირებასაც და გაფართოვდა პროგრამის გავრცელებაც – თუ აქამდე სუბსიდირება შეეხებოდა 2020 წლის 1 მარტამდე აღებულ სესხებს, ახლა პროგრამა გავრცელდება 2020 წლის 1 დეკემბრამდე გაცემულ სესხებზეც, რადგან, მინისტრის თქმით, შემდგომშიც დაჭირდა კვების ინდუსტრიას დამატებითი სესხები, განსაკუთრებით საბრუნავი საშუალებები, რომ გადაეხადათ ხელფასები, გარკვეული საიჯარო ვალდებულებები, ქირა თუ სხვა აუცილებელი გადასახდელები.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ითხოვდნენ თვითონ რესტორნებიც – გადაიხედება თანაფარდობა ძირითადი საშუალებებისა და საბრუნავი საშუალებებისთვის აღებულ სესხებს შორის – აქამდე პროგრამის ფარგლებში ძირითადი საშუალებები იყო უპირატესი და ჩვენ ვიცით, რომ ახლა ეს თანაფარდობა ბევრ შემთხვევაში ირღვევა, რადგან უფრო მეტად საბრუნავი საშუალებები უჭირს ბიზნესს. ამიტომ თანაფარდობა იქნება 50/50-ზე იქნება, ხოლო გარკვეული კატეგორიებისთვის, განსაკუთრებით ბოლოს დროს აღებული სესხებისთვის ეს საერთოდ ნულდება. დამატებითი დეტალები გამოქვეყნდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ვებ-გვერდზე“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Comments
Loading...