ნათია თურნავა: პროგრამას “აწარმოე საქართველოში” ახალი დარგები დაემატა, სადაც საწარმოს შესაქმნელად ქონების გადაცემა იქნება შესაძლებელი

6

„ცვლილება შევიდა პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ – გაფართოვდა იმ დარგების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ინვესტორმა მოიწადინოს ახალი საწარმოს შექმნა.” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“იცით, რომ ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტის ფარგლებში, ერთ ლარად გადავცემთ გარკვეულ ინდუსტრიულ მიწას საინვესტიციო და დასაქმების ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ – განსაკუთრებით ეს პრაქტიკა არის რეგონებში, აპრობირებულია, მაგრამ აქამდე დარგები არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი. შესაბამისად, უკვე გვაქვს დარგების ფართო ჩამონათვალი, დაინტერესებული ინვესტორი მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შეარჩევს შესაფერის მიწას და გარკვეული პროპორციით ინვესტიციისა და დასაქმების ვალდებულების აღების სანაცვლოდ, მას ეს მიწა გადაეცემა,“ – აცხადებს ნათია თურნავა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, დამატებულ დარგებს შორისაა სატყეო და თევზჭერის მეურნეობა, დამამუშავებელი მრეწველობა, რადგან აქ დასაქმების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, ასევე ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სხვადასხვა მანქანა-დანადგარებისა და ჩარხების წარმოება, ლოგისტიკური სერვისი და საწყობები, პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურებების საქმიანობები და სხვ.

Comments
Loading...