ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესთან” დაკავშირებით გაგრძელდება დისკუსია ღია ფორმატში, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას

29

„ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში და ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ამ თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც გაგრძელდება ღია ფორმატში და მთავრობა ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას.

„პარლამენტშიც და სხვა ღია შეხვედრებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგორესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მზარდ იმპორტზე და გვქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც ვაშენებთ“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.

Comments
Loading...