ნათია თურნავა: თურქეთიდან ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ

5

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორებს საქართველოში გამარტივებული წესით, PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შემოსვლა შეეძლებათ, თურქეთის რესპუბლიკაც დაემატა, – ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით – PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს საქართველოში იმავე ტესტის ჩაბარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის იყო ტურისტების წყარო და ასევე თურქეთიდან ბევრი ბიზნეს-ვიზიტორი გვსტუმრობს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, დაახლოებით 15 თებერვლიდან ავიაკომპანიები და საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გააქტიურდება, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე არ იქნება კრიტიკული ზრდა, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს.

„ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ჩვენ საკმაოდ ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვყანაში შემოსვლის, საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის. როგორც იცით ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს წესებიც გარკვეულწილად შემსუბუქდა, და ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე ან რეზიდენტი, ვისაც აქვს თავისი ქვეყნის მიერ გაცემული სრულყოფილი ვაქცინაციის მოწმობა, უპირობოდ და ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ნებისმიერი ვიზიტორი საქართველოში შემოდის ნეგატიური PCR ტესტის პასუხით და ვალდებულია, აქ მე-3 დღეს კვლავ ჩაიტაროს ტესტირება. „როგორც თავის დროზე განვაცხადეთ, ამ ქვეყნების სია გადაიხედება ხოლმე, იცვლება სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშე დგას და ჩვენი ამოცანაა, რომ მას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ-ნელა ამოსუნთვა დაიწყოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...