ნათია თურნავა: დარწმუნებული ვარ, ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესის ძალისხმევისა და ნიჭიერი მოქალაქეების შრომის შედეგად შევძლებთ, ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურ სცენარს მივუახლოვდეთ

5

„ძალიან სასიხარულოა ის შედეგი, რაც დღეს გააჟღერა „საქსტატმა“ – აპრილის თვეში დაფიქსირებული, 45 პროცენტიანი მაჩვენებელი მართლაც ისტორიული, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდაა. ასევე რომ გამოვრიცხოთ პანდემიის ეფექტი და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, თითქმის 21 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ორივე მაჩვენებელი არის ისტორიული მაქსიმუმი, რადგან უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში მსგავსი მაღალი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა.

„ამან მოგვცა საშუალება, გადახედილიყო წლიური, 3,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის   კონსერვატიული პროგნოზი,  რომელსაც  საერთაშორისო ორგანიზაციები გვითვლიდნენ – პრაქტიკულად, ეს მაჩვენებელი  გაორმაგდა ანუ 6.5-ია და ეს არის საბაზისო, არაოპტიმისტური სცენარი,  ხოლო ოპტიმისტური შეიძლება იყოს ორნიშნა ზრდა – 10 პროცენტზე მეტი“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, თუ 2020 წელს, პანდემიის გამო, საქართველოს  ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, ჩვეულებრივად, საბაზისო სცენარი რომ განვითარდეს და 6.5 პროცენტით გავიზარდოთ, ეს ნიშნავს, რომ სრულად ვანულებთ პანდემიის შედეგს და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, ბიზნესის ძალისხმევის შედეგად, ნიჭიერი მოქალაქეების შრომის შედეგად შევძლებთ, რომ ოპტიმისტურ სცენარს მივუახლოვდეთ და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არამარტო პანდემიის შედეგებს ვანულებთ, არამედ ვუბრუნდებით მაღალი ზრდის ტრაექტორიას და მომავალი წელიც ასევე იქნება – სულ მცირე, 6 პროცენტზე მეტი ზრდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პანდემიით  მიღებული გამოწვევა და გაკვეთილი გამოვიყენეთ, რომ პრაქტიკულად, ძალიან სწრაფად განვავითარეთ ეკონომიკა და  თითქმის ყველა დარგი უჩვენებს ზრდას“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...