მსოფლიო ბანკი სალვადორს ბიტკოინებით ანგარიშსწორებაზე გადასვლაში არ დაეხმარება

8

მსოფლიო ბანკის განცხადებით, იგი ვერ დაეხმარება სალვადორის ხელისუფლებას ბიტკოინის გამოყენებაზე გადასვლაში, ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, დახმარება აღმოუჩინონ სალვადორის მთავრობას, მაგრამ კრიპტოვალუტის გამოყენება სახელმწიფო დონეზე არ არის ისეთი რამ, რასაც მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს ბიტკოინის არასაკმარისი გამჭვირვალობისა და ეკოლოგიურობის ნაკლებობის გამო.

16 ივნისს, სალვადორის ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ზელაიამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან ტექნიკური დახმარება მოითხოვა, რათა ბიტკოინი გამოიყენონ, როგორც იურიდიული საშუალება აშშ დოლართან ერთად. ზელაიას აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი “წინააღმდეგი არ არის”, რომ სალვადორმა ეკონომიკა ბიტკოინებში გადაიყვანოს.

სავალუტო ფონდის სპიკერმა ჯერი რაისმა განაცხადა, რომ სალვადორში ბიტკოინის, როგორც გადახდის ოფიციალური საშუალების აღიარებასთან დაკავშირებით, არსებობს მრავალი ეკონომიკური, ფინანსური და იურიდიული სირთულე. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის პროფესორი სტივ ჰანკე ასევე ამტკიცებს, რომ ბიტკოინის, როგორც გადახდის საშუალების მიღებამ შეიძლება სალვადორის ეკონომიკა მთლიანად გაანადგუროს.

სალვადორი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ოფიციალურ საშუალებად დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა 9 ივნისს მიიღო.

Comments
Loading...