მოსკოვში ფრანგული “რენოს” ყოფილი ქარხანა “მოსკვიჩს” გამოუშვებს

11

ფრანგული ავტოკონცერნი „რენო“ რუსეთის მიერ ნაციონალიზებული პირველი უცხოური კომპანია გახდა. მან რუსეთში საქმიანობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს მიერ დღეს, 16 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, „რენო როსიას“ აქციების 100%-ს მფლობელი გახდა მოსკოვის მთავრობა, რუსული ავტოკონცერნის, „ავტოვაზის“ აქციების 67.69% კი, რომელიც ადრე „რენოს“ ეკუთვნოდა, რუსეთის ფედერაციის საკუთრება გახდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, დედაქალაქში მდებარე „რენოს“ ქარხანაში ამიერიდან რუსულ ავტომანქანებს, “მოსკვიჩს” გამოუშვებენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის და საერთაშორისო სანქციების ამოქმედების შემდეგ, რუსეთში საქმიანობა შეწყვიტა ავტომობილების მწარმოებელმა არაერთმა კომპანიამ, მათ შორის, “ფორდმა”, “ვოლვომ”, “ფოლკსვაგენმა” და “პორშემ”.

Comments
Loading...