მიწისქვეშა გაზსაცავის დასაფინანსებლად შეთანხმება გაფორმდა

56

24 აგვისტოს სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის „სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობის თაობაზე" შეთანხმება გაფორმდა.

ხელმოწერას, რომელსაც გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და ნინო ენუქიძე, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი თომას ბარაისი დაესწრნენ.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა" პრეზიდენტმა დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ოლაფ ციმელკამ.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული  უსაფრთხოება. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსის დარეგულირებას და  ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" გაზსაცავის სამშენებლო სამუშაოებს 2019 წელს დაიწყებს და პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა 2022 წელს იგეგმება.

Comments
Loading...