მიშელაძე: “ნენსკრა ჰიდროსთან” ერთად სვანეთში ფერმერების გაერთიანებას და საქმიანობაში მხარდაჭერას ვუზრუნველყოფთ

44

“ნენსკა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა გარდა იმისა, რომ ჰესს აშენებს, დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ საკითხებს ჭუბერსა და ნაკრაში,მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ”ნენსკრა ჰიდრომ” მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით, წელს აქტიურად დაიწყო ამ განხრით მუშაობა, რისი მაგალითიც კოოპერატივების სააგენტოსთან თანამშრომლობაა.

ჭუბერსა და ნაკრაში ამჟამინდელი მონაცემებით 1300-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. მოსახლეობის 32% სოციალურად დაუცველია და სხვადასხვა ტიპის შემწეობას იღებს. სამწუხაროდ, არც ჭუბერში და არც ნაკრაში ამჟამად არ არსებობს არც ერთი სასოფლო-სამეურნეო ან სხვა ტიპის კოოპერატივი.

სწორედ ამიტომ, ადგილობრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება “ნენსკრა ჰიდროს” პროექტის ე.წ “თემის განვითარების პროგრამის” ერთ-ერთი მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა.

თავის მხრივ,”თემის განვითარების პროგრამა” საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ “აიპრესსთან” საუბრისას ჭუბერის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე და კოოპერატივების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი მიშელაძის თქმით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და “ნენსკრა ჰიდროს“ თანამშრომლობა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ადგილობრივი ფერმერების გაერთიანებასა და შემდგომ საქმიანობაში მხარდაჭერას გულისხმობს.

-2013 წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის შესახებ”, რომლის საფუძველზე შეიქმნა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის განვითარების სააგენტო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებასა, შეწყვეტასა და მონიტორინგზე. სააგენტო ასევე ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამებს.

მიზანი, რომელსაც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ემსახურება არის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით აგრარული პროდუქციის წარმოების ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დანერგვა რის შედეგადაც, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის საქართველოში სხვადასხვა დარგის 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

-რას ისახავს მიზნად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარები სააგენტოს და ნენსკრა ჰიდროს ერთობლივი საქმიანობა?

-სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგნეტოსა და ნენსკრა ჰიდროს ერთობლივი საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას და ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ადგილობრივი ფერმერების გაერთიანებასა და შემდგომ საქმიანობაში მხარდაჭერას გულისხმობს.

ოქტომბერში კომპანია “ნენსკრა ჰიდროსა” და ჩვენი სააგენტოს ჩართულობით სოფელ ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის ერთობლივი ტრენინგები გაიმართა. ტრენინგზე ადგილობრივი ფერმერებს მიეწოდათ ინფორმაცია კოოპერატივების შექმნისა და მართვის შესახებ. მთავარ მიმართულებებად მეფუტკრეობა და მეცხოველეობა გამოიკვეთა. ადგილობრივებს აქვთ გამოცდილება ამ სფეროებში და მათი რესურსების ერთმანეთთან კონსოლიდირება საშუალებას მისცემთ უფრო ეფექტიანები გახდნენ.

რაც შეეხება სააგენტოს საქმიანობას, უნდა აღინიშნოს რომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რძის გადამმუშავებელი 26 ახალი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა, სადაც თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად მიიღოს გაზრდილი შემოსავალი. მეფუტკრეობის მიმართულები აღსანიშნავია, რომ კოოპერატივებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 203 კოოპერატივს, რომელშიც გაერთიანებულია 2185 მეპაიე თანადაფინანსებით, ღირებულების 30%-ად მიღებული აქვს 18,433 სკა და სხვა ინვენტარი. კიდევ ერთი პროგრამა რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებს არის „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის” სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მიმდინარეობს თაფლის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმოს მშენებლობა. საწარმოში შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება, გამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა, საწარმოში ასევე მოხდება ფიჭის დამზადება.

 

რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ სამომავლოდ “ნენსკრა ჰიდროს” და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად?

-ხეობაში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გააერთიანდნენ, ჩაერთონ სხვადასხვა პროგრამებში. როგორც უკვე აღვნიშნე გამოკვეთილია მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულება. ადგილობრივების გააქტიურებას სწორედ ამ ორი მიმართულებით ველოდებით.„-განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

ცნობისთვის,“ნენსკრა ჰიდრო”, რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა, მიზნად ისახავს ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ელექტროსადგურების მშენებლობასთან ერთად ხელი შეუწყოს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვთარებას.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

Comments
Loading...