მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 500 მილონ აშშ დოლარს დახარჯავს

70

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, რომლის ქონებასაც Forbes 46,2 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს, წინასაარჩევნო კამპანიისთვის 500 მილონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ გაზეთი Politiсo წერს, რომელიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს ეყრდნობა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 500 მილონი აშშ დოლარი ეს მინიმალური თანხაა, რომლის დახარჯვისთვისაც მზად არის ბლუმბერგი. ყოფილმა მერმა უკვე შეკრიბა პოლიტიკური გუნდი, რომელიც ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, კვირაში ერთხელ იკრიბება ბლუმბერგის შტაბბინაში.

გეგმის თანახმად, ბლუმბერგი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, როგორც დემოკრატების კანდიდატი. აგრეთვე არსებობს მეორე გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბლუმბერგი თავის რესურსებს დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად მიმართავს, რათა ისე არ მოხდეს, რომ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი მეორე ვადით იქნას არჩეული

თუმცა, მილიარდერს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2020 წელს შედგება, ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ამას უახლოესი სამი კვირის განმავლობაში გადაწყვეტს.

“ჩემი გადაწყვეტილება არ არის იმაზე დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას აპირებენ სხვა ადამიანები, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვფიქრობ, მოვახერხებ თუ არა სიტუაციის შეცვლას”, – აცხადებს ბლუმბერგი.

Comments
Loading...