მთავრობა რთველის სუბსიდირებას იწყებს

6

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 50-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. მთავრობა მიმდინარე წლის რთველზე რეკორდული სუბსიდიის, 138.4 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული შპს “მოსავლის მართვის კომპანია” კახეთის რაიონში მცხოვრები მევენახეებისგან პირდაპირი გზით შეიძენს ყურძენს და მისგან ღვინო-მასალას და საკონიაკე სპირტს დაამზადებს.

შეგახსენებთ, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. გარდა ამისა, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. დაწესდა საშუალო ზღვარი: თუ ყურძნის შაქრიანობა 18 პროცენტი და მეტია, მაშინ ის ღვინის დამზადებისთვის გამოიყენება, ხოლო თუ ამაზე ნაკლებია, მხოლოდ სპირტისთვის გამოდგება. ჩაბარების დროს ყურძნის ფასები მკვეთრად განსხვავებული იქნება და შესაძლოა, ღვინისთვის განკუთვნილი ყურძნის ფასი ორჯერ მეტიც კი იყოს, ვიდრე სასპირტე ყურძნის. ფერმერებს 2021 წლის რთველში მოუწევთ აქცენტი გააკეთონ არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უახლოეს მომავალში სოფლებში ფერმერებს სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაუზიარებენ.

Comments
Loading...