მთავრობამ სეისმური უსაფრთხოების საკითხის შესწავლა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადასცა – “ახალგაზრდა ადვოკატები”

10

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნას: ხელმისაწვდომი და ღია გახდეს საქართველოში  მიწისძვრის სრული კატალოგები (მცირე მაგნიტუდის მიწისძვრის ჩათვლით), შეიქმნას ერთიანი ეროვნული სტრატეგია სეისმური მონაცემების შესახებ და მეცნიერების სასარგებლოდ გადაიჭრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის მხრიდან შექმნილი, ხელოვნური პრობლემები, საქართველოს მთავრობა ეხმაურება.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საკითხი განსახილველად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ საქართველოში სეისმური მონაცემების ხელმისაწვდომობისა და ღიაობის პრობლემის გამო შესაბამისი რეაგირებისა მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 2021 წლის აგვისტოს თვეში მიმართა.

ორგანიზაციამ საკითხის განხილვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პრინციპების ფარგლებში მოითხოვა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, მთავრობის გადაწყვეტილებების საჭიროებაზე მიუთითა. დგინდება, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრი დირექტორი თეა გოდოლაძე არ გასცემს ცენტრში დაცულ ე.წ. საწყისს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას. ცენტრის დირექტორის განპიროვნებული პოლიტიკა – არც სამეცნიერო წრეებსა და არც სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სამოქალაქო უსაფრთხოების, მიწისძვრების შესწავლისა და კვლევის საკითხებზე, არ გაიცეს მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემები და გაიცეს მხოლოდ მაგნიტუდა 3-ს ზემოთ სეისმური მონაცემი, რომელიც თავის მხრივ, ხშირ შემთხვევაში, ყოვლისმომცველი და სრულფასოვანი ინფორმაცია არ არის, წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას.

ამასთან, ორგანიზაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემებს არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ აწვდის. ცენტრის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, ხელმისწავდომი არ არის ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მოვალეობების შესრულება და შესაბამისი მომზადება მოსახლეობას საზოგადოებრივი თავდაცვის საკითხებში, ფორმალურ ხასიათს იძენს.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.

Comments
Loading...