მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში “აგრარული მეცნიერების დღე” გაიმართა

280

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის სემინარები ჩაატარეს.

სემინარის ფარგლებში განიხილეს ზოოანთროპონოზური ინვაზიური დაავადებების ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მათი აღმძვრელებით ადამიანის დაავადების რისკ-ფაქტორები; თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნების მნიშვნელობა და გაუმჯობესების ღონისძიებები; სარძეო და სახორცე მეძროხეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში; ვირუსები უტევენ მოსავალს; აგროწარმოების კარგი პრაქტიკა – "GAP". მსმენელებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია აგრარულ დარგში მიმდინარე პოექტებისა და ინოვაციების შესახებ და გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას.

"აგრარული მეცნიერების დღის ფარგლებში ასევე გაიმართა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სასტენდო გამოფენები, სადაც სხვადასხვა ექსპონატთან ერთად წარდგენილი იყო სიმინდის ახალი ჯიში "სახამებლიანი შავი" და შვრიის ახალი ჯიში "არგო".

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზებზე ასევე გაიმართა შემეცნებითი ტურები. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა და სტუდენტებმა კვლევითი ცენტრის ლაბორატორიები დათვალიერეს და სემინარები "ნიადაგი და კლიმატის ცვლილება"; "მყნობის ტექნოლოგიის გამოყენება ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებში", "თხილის ბაღის აგროტექნიკა"; "თუთა ჩვენი მეგობარი" მოისმინეს.

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკები იღებენ.

Comments
Loading...