მესტვირიშვილი: გალარების პროგრამის სუბსიდია მაღალი შემოსავლის მქონე პირებს არ შეეხებათ

531

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სესხების გალარება 17 იანვარს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, ამ პერიოდში, მსესხებლებმა ვისაც ეხება პროგრამა, მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ მიმართონ მათ მომსახურე ან სხვა კომერციულ ბანკს. სუბსიდია არ შეეხებათ მაღალი შემოსავლების მქონე პირებს.

“სესხი გაცემული უნდა იყოს ფიზიკურ პირზე 2015 წლის 1 იანვრამდე, უნდა იყოს აშშ დოლარით და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი.

პროგრამა არის ერთჯერადი პროექტი, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ ეროვნული ბანკი დასაქართველოს მთავრობა.

მთავრობა უზრუნველყოფს შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირებას. ეროვნული ბანკი კი კომერციულ ბანკებს მიაწვდის გალარებისთვის საჭირო აშშ დოლარს და მოახდენს ლარის ლიკვიდობით მხარდაჭერას.

პროგრამა არ ითვალისწინებს ბანკების ან მსესხებლების მიერ დამატებითი ხარჯების გაწევას, მათ შორის ასეთ სესხებზე, არ იქნება გამოყენებული წინასწარ დაფარვის ან რეფინანსირების საკომისიო.

სესხების გალარება ნებაყოფლობითია. პროგრამაში მონაწილეობა მსესხებელს მისცემს საშუალებას, მისი ხარჯები მომავალში იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი.

ბანკები ვალდებულნი არიან ამ პროგრამის შესახებ აცნობონ ყველა პოტენციურ ბენეფიციარს, ვისაც შეიძლება ეხებოდეს სუბსიდია.

პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტირება, ანუ მსესხებელს ექნება საშუალება შეთავაზებული პირობებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტოს თუ რომელ ბანკში ურჩევნია სესხის გალარება.

სუბსიდია არ შეეხება მაღალი შემოსავლების მქონე პირებს, ანუ ვისი წლიური შემოსავალი 2015 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო ან ვისი სესხის ნარჩენი ოდენობა აღემატება 100 ათას აშშ დოლარს.

სულ დაახლოებით 27,000 ფიზიკურ პირს შეეხება პროგრამა, საშუალო სესხის მოცულობა 15,000 აშშ დოლარია”,-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას.

“აღნიშნული პროგრამა მსესხებლებს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლოს შეღავათიანი კურსით სესხების გალარებისას და არ გადაიხადოს სესხის წინასწარ დაფარვის საკომისიო. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილის შემოსავალი აღარ იქნება დამოკიდებული კურსთაშორის სხვაობაზე და მას სესხის მომსახურება იმ ვალუტით შეეძლება, რომელშიც აქვს შემოსავალი.

ლარის და აშშ დოლარის სესხების პროცენტებს შორის სხვაობა ის ხარჯია, რომელსაც მომხმარებელი სავალუტო რისკის დაზღვევისთვის იხდის, ლარში სესხი კი იძლევა სავალუტო რისკისგან დაზღვევის საშუალებას. ის ასევე უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ სესხის მომსახურებაზე გასაწევი დანახარჯების პროგნოზირებადობას. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს კონვერტაციის ხარჯები, რაც არ არის ლარის სესხის შემთხვევაში”, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

კითხვაზე შეეძლებათ თუ არა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში სესხის ისევ დოლარში გადატანა, მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში სესხის მოცულობა 100 000 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

2017 წლის 15 იანვრიდან, ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ უცხოური ვალუტით სესხის გაცემა თუ სესხის მოცულობა 100,000 ლარზე ნაკლებია. თუმცა მოცულობის ზრდის შემთხვევაში, სესხის უკან დოლარში გადატანა შესაძლებელია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი კვლავ იქნება სავალუტო რისკის ქვეშ”,-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით რესტრუქტურიზებულ სესხი პროგრამაში მონაწილეობას სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღებს

კითხვაზე ვადების შეცვლა თუ არის მოსალოდნელი და რამდენად მოსალოდნელია მომავალში გალარება შეეხოთ იმ მსესხებლებსაც, რომლებსაც სესხი 2015 წლის 1 იანვრის მერე აქვთ აღებული, მესტვირიშვილი პასუხობს, რომ ასეთი ცვლილება პროგრამაში მოსალოდნელი არ არის.

Comments
Loading...