მერაბ ჯანიაშვილი: უნდა განვიხილოთ მოდელი, რომ პენსიების დარიგების ხარჯი სახელმწიფომ დააფინანსოს

6

პენსიონერებისთვის მომსახურების პირობებების ნებისმიერი სახით გაუმჯობესებას მიესალმება ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი. თუმცა, აცხადებს, რომ უნდა დაიდოს  კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საპენსიო მომსახურების დახვეწა და უფროსი თაობის წარმომადგენლებზე გაცემულ კრედიტებზე სესხის პროცენტის შემცირება.

„ერთია, იდეის გაჟღერება და მეორეა, წარმოადგინო კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეასრულებ და როგორ ასახავ პრაქტიკაში გაჯღერებულ ინიციატივებს.  სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერცერთი პოლიტიკოსის მხრიდან, ვინც წინასაარჩევნოდ საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირების საკითხი გააქტიურა, ვერ მოვისმინე კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს. მით უმეტეს, რომ ამ პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ისმოდა პოპულისტური განცხადებები, რომ პროცენტი მაღალია და „ადამიანურ“ პროცენტამდე უნდა შემცირდეს. რამდენია მაღალი და რამდენია „ადამიანური“, ამას ვერავინ აკონკრეტებდა. ამდენად, ვფიქრობ, რომ ამ პოპულიზმის ნიაღვარმა კომიკური სახე მიიღო“, – აცხადებს ჯანიაშვილი.

მისივე ინფორმაციით, კითხვის ნიშნები ჩნდება იმ ნაწილშიც, თუ რამდენად შეამცირებს საპენსიო სესხზე  საპროცენტო განაკვეთს, ტენდერის ხელახალი გამოცხადება. გარდა ამისა, რამდენად აქვთ სხვა ბანკებს საკმარისი ინფრაქსტრუქტურა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა რეგიონში დაარიგონ პენსიები. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, იმისთვის, რომ საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდეს, ამისთვის შესაძლოა განხილულ იყოს სახელმწიფოს მიერ სადისტრიბუციო ხარჯების დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება.

„ლიბერთი ბანკი“ პენსიების გაცემისთვის სახელწმიფოს საკომისიოს არ სთხოვს, ანუ დარიგების ხარჯს თავად ბანკი აფინანსებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ მოდელად ისიც უნდა განვიხილოთ, რომ პენსიების დისტრიბუციის ხარჯები საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღოს. ამიტომ, ავდგეთ და ეს თანხები აღნიშნული სესხის სუბსიდირებაზე მივმართოთ. ვფიქრობ, თუ მოხდება დისტიბუციის ხარჯის სუბსიდირება, შესაძლოა საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ამის ხარჯზე შემცირდეს“, – აცხადებს ჯანიაშვილი.

Comments
Loading...