მენაშენეებს თბილისის უბნების “სპორტისსასახლიზაცია” დაუშვებლად მიაჩნიათ

186

"მენაშენეთა ასოციაციაში" დაუშვებლად მიიჩნევენ დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების "სპორტისსასახლიზაციას". ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ "არ უნდა ხდებოდეს თბილისის ქაოსური განაშენიანება და კონკრეტულ უბნებთან მიმართებაში კონკრეტული ხედვა უნდა არსებობდეს".

აღნიშნული განცხადება ირაკლი როსტომაშვილმა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობებზე ნებართვების გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"გასაგები და მისაღებია მერიის პოზიცია – სანამ რამე გაფუჭდება, ჯობია, დროებითი მორატორიუმი დაედოს კონკრეტულ ტერიტორიას", – მიაჩნიათ მენაშენეებს.

"მენაშენეთა ასოციაციის" თავმჯდომარე, მიუხედავად შეხედულებების თანხვედრისა, თბილისის მერიას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, რათა კონკრეტული უძრავი ქონების მფლობელები არ დაზარალდნენ.

"მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მოქალაქეები და კომპანიები, რომლებისთვისაც ეს არის კონკრეტული კერძო საკუთრება და ისინი დამოკიდებულები არიან ამ საკუთრებაზე. ზოგს ბანკიდან აქვს აღებული კრედიტი და პროცენტს იხდის, ზოგმა ტერიტორია გაყიდა და, სავარაუდოდ, მყიდველი მომდევნო გადასახდელ ტრანშს შეუჩერებს. შესაბამისად, ასეთ დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები", – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.

ორგანიზაციის თავმჯდომარე დედაქალაქის განაშენიანებასთან მიმართებაში სისტემურ და კონცეპტუალურ მიდგომებს მხარს უჭერს, თუმცა მერიას მოუწოდებს, ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს ამ მორატორიუმის ვადა ("ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს 2 თვეზე მეტი", – ირაკლი როსტომაშვილი. – რედ.) და აიღოს ვალდებულება, რომ, მაქსიმუმ, ამ ვადის გასვლისთანავე წარმოადგენს ძალიან მკაფიო ხედვას აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობების რეგულირების შესახებ.

"თუ ვადის კომპონენტი დაემატება მერიის განცხადებას, მაშინ თბილისის მერიის ამ ნაბიჯს პოზიტიურად ვაფასებთ", -განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.

მერის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა უკვე დაწყებულია, რომლის საფუძველზეც ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს.

"ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოსური განაშენიანების შეჩერება და მისი განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი", –  აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მიმდინარე ქაოსური განაშენიანება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

Comments
Loading...