მელიქაძე: თუ ირანულ არმატურაზე ზომებს არ მიიღებენ, ჩვენთან 300 სამუშაო ადგილს საფრთხე ექმუქრება

471

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, ირანიდან არმატურის იმპორტი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ირანული პროდუქციისთვის უპირობოდ აქვს ღია კარი, მაშინ როცა მეზობელმა ქვეყნებმა დემპინგურ ფასად შემოსულ პროდუქციას ჩაუკეტეს საზღვრები და გადასახადები დაუწესეს.

ნაგებობების, დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ ყუბანეიშვილი "აიპრესთან" განმარტავს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა აამოქმედოს ანტიდეპინგური კანონი ადგილობრივი ბაზრის დასაცავად, ვინაიდან დემპინგური ფასით ბაზარზე ოპერირება კლავს ადგილობრივ მწარმოებელს და ხელს უწყობს უხარისხო მშენებლობას.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქაძე "ქრონიკა 4"-თან საუბრისას აცხადებს, რომ ის მოითხოვს დემპინგურ ფასად შემოსული ირანული არმატურისთვის ბაზრის გადაკეტვას! წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კომპანიაში შიშობენ, რომ საფრთხე დაემუქრება ათი ათასობით სამუშაო ადგილს, რომლიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით დასაქმებულები არიან ინდუსტრიაში:

"ჩვენ არ ვითხოვთ ყველა იმპორტიორისთვის ბაზრის გადაკეტვას. ეს არ იქნება სწორი, ჩვენ ვითხოვთ ბაზრის გადაკეტვას, მხოლოდ იმისთვის ვინც ამ წესებს არღვევს, ამ მომენტში კი ეს არის ირანული არმატურა, სწორედ ამიტომ საჭიროა ზომების მიღება.

თუ ეს ზომები არ იქნა გატარებული, ჩვენ ვდგებით იმ ხიფათის წინაშე, რომ ის წარმოების მოცულობის ზრდა და გაყიდვების რაოდენობა რასაც ჩვენ მივაღწიეთ, უკან დავაბრუნოთ და ის ხალხი ვინც ამ წელს სამსახურში ავიყვანეთ, გავათავისუფლოთ.

სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ, რომ მარტო ჩვენთან საფრთხე ემუქრება 300 სამუშაო ადგილს, ხოლო პირდაპირ და არაპირდაპირ მთელ დარგში 10 000- მდე ადამიანია დასაქმებული." – აცხადებს არჩილ მელიქაძე.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელისუფლებამ ადგილობრივი ბაზრის დაცვის მექანიმები უნდა აამოქმედოს. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ამოქმედებულმა ახალმა რეგულაციებმა, რომელიც ალუმინსა და ფოლადზე დამატებით გადასახადს აწესებს, დარგს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ერთი მხრივ, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შეაჩერა ამერიკაში უნაკერო მილების მიწოდება, რადგანაც იმპორტის გადასახადის გათვალისწინებით ეს აღარ უღირს, მეორე მხრივ კი ქართულ ბაზარზე გააქტიურდა ირანული პროდუქცია.

"ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ამერიკამ 25 %-იანი სატარიფო ბარიერი შემოიღო ფოლადის პროდუქტებისთვის რაც ძალიან მაღალია. ამაში მოხვდა ჩვენი უნაკერო მილები, რომლის ექსპორტსაც ჩვენ დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში ვახორციელებდით. ამ სექტორში უკვე ფინანსური მოგება აღარ არის. მინდა გითხრათ, რომ მთავრობამ მიიღო გარკვეული ზომები, მიმართა ამერიკის ხელისუფლებას, რომ საქართველო ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყანა განთავისუფლდეს ამ სატარიფო ბარიერისგან." – განაცხადა არჩილ მელიქაძემ.

Comments
Loading...