მაჭავარიანი: 15 თებერვალიდან, ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს

44

15 თებერვალიდან, ბიზნესი დღგ-ს ზედმეტობას ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნებს, – განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს”.

როგორც მან აღნიშნა, გასულ წლებში საგადასახადო ორგანოები კონსერვატიულად უდგებოდნენ დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების პროცესს, რაც ბიზნესში იწვევდა იმის განცდას რომ დღგ-ს უკან დაბრუნების მოთხოვნა აუცილებლად დასრულდებოდა საგადასახადო შემოწმებით.

“2018 წელი სწორედ ამ სტერეოტიპის დამსხვრევის წლად შეიძლება ჩაითვალოს, რასაც ადასტურების ის ფაქტიც რომ ამ წელს უპრეცედენტოდ დიდი თანხა იქნა უკან დაბრუნებული (521 მლნ ლარი). 2019 წლის 15 თებერვლიდან, ანუ იანვრის თვის დეკლარაციების მიხედვით, დღგ-ს დაბრუნების პროცესი ხდება ავტომატური, რაც გულისხმობს, ყოველგვარი გადამოწმება-შემოწმების გარეშე, მოთხოვნილი თანხის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდებას 24 საათის განმავლობაში.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სისტემა, ავტომატურად დაამუშავებს ყველა წარდგენილ დეკლარაციას და რისკების მართვის ავტომატიზირებული სისტემის საშუალებით გაფილტრავს იმ კომპანიებს, რომლებსაც ავტომატურად დაუბრუნდებათ მოთხოვნილი თანხა. ასეთი კომპანიების რაოდენობა, ზედმეტობის მქონე კომპანიების მინიმუმ 90% იქნება. ზემოაღნიშნული პრაქტიკულად გამორიცხავს ადამიანური ფაქტორის ჩართულობას ან რაიმე გავლენის მოხდენას დაბრუნების პროცესზე,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე “ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში”.

Comments
Loading...