მაჭავარიანი: საქართველო-აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება

57
საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
 
როგორც მან აღნიშნა, პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტი საინტერესოდ მიმდინარეობს და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა.
 
"მთავარი საკითხი, რაც ეკონომიკური ბლოკის ნაწილში გვაქვს, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, თუმცა გვსურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ.
 
გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რათა არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე, თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
 
ჩვენი ქვეყნების ჩართულობით ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა – ეს იყო ჯერ ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკაც.
 
"ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად, სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, პირველადი მოხმარების საგნებზე", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
Comments
Loading...