მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა

12

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პოცენტი იყო.

თვეების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ასე ნაწილდებოდა:

იანვარი – 18%;
თებერვალი – 14.6%;
მარტი – 10.6%.

“2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობა,”- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

მარტის განმავლობაში ბიზნეს სექტორის, ანუ დღგ-ს გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 10.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2%-მდე შეამცირა. პროგნოზს გადახედა ეროვნულმა ბანკმაც, რომელიც ქვეყანაში 3-4%-ის ფარგლებში ელის ზრდას.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი. მთავრობა ჯერჯერობით ამ პარამეტრის გადახედვას არ გეგმავს.

Comments
Loading...