მამუკა ხაზარაძე: არაფრის დათმობას არ ვაპირებთ!

29

ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი ამბავი, ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში გაცხადა.

“რა თქმა უნდა. პირდაპირ გეუბნებით: ისე არ მოხდება, რომ ჩვენ ოფისიდან გავალთ და ვიღაც ჩაგვანაცვლებს. ერთი მხრივ, ამხელა სახელმწიფო მანქანა გვიტევს, მეორე მხრივ კი გეუბნებიან, ბანკებთან რატომ არ ხურავთ დროზე მოლაპარაკებასო. ბანკებს კი თავისი მოთხოვნები აქვთ სახელმწიფოსთან.

არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. სამშენებლო გრაფიკისთვის ერთი დღითაც არ გადაგვიცდენია. როცა დავინახე, რომ ბანკებთან მოლაპარაკება არა ჩვენ გამო, არამედ მათივე მოთხოვნების გამო გადაიწია, ავიღეთ და 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოვახდინეთ, რომ არ ჩამოვრჩენოდით მშენებლობის გრაფიკს. ღმერთმა დაიფაროს და, ხვალ რომ არ გამოვიდეს რაღაცის გამო მოლაპარაკება ან გაჭიანურდეს, ჩვენთვის ეს ხომ რისკია?! და ამ დროს სახელმწიფო გამოდის და გვეუბნება, შენ ვერ შეასრულე რაღაც, წადი სახლში და აწი მე გავაგრძელებო. სწორია, რომ ახლა მთელი ჩვენი ენერგია ინტერვიუებსა და ინვესტორების დაწყნარებაზე მიდის? ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ, რომ საქმე სწრაფად გამოიძიონ. რვა თვე რით ვერ გაარკვიეს, ფულის გათეთრება იყო თუ არა, როცა ერთ დღეში “გაარკვიეს”, მუქარის წერილი ნამდვილი იყო თუ არა.

ვიმეორებ: უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლი ვართ. დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო.”, – განაცხადა ხაზარაძემ.

Comments
Loading...