მამუკა ბახტაძე: საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი

42

“საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან რეფორმას გაატარებს და ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოდან დაიწყებენ რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას, მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

“მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცემს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა ინიციატივებზე დეტალურად თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრებს.

“სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ისტორიული როლი და ეს უნდა იყოს ჩვენი ადგილიც გლობალურ ეკონომიკაში. საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი. ამ რეფორმამაც ძალიან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა”, – აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...