სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის 1 Malaysia Development Berhad (1MDB) და Goldman Sachs Group Inc.-ის შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, მალაიზია ამერიკელი ბანკირების მიერ მოტყუებული დარჩა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოჰამად მახატხირმა CNBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამერიკული საინვესტიციო ბანკი მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ვინაიდან შესაძლოა მას წამყვანი როლი ეთამაშა 1MDB-ის გავლით რესურსების მიტაცებაში. ამ ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით, ფულის სავარაუდო გათეთრებისა და ქრთამის აღების შესაძლო შემთხვევების გამო, გამოძიება ერთდროულად მინიმუმ 6 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის სინგაპურში, შვეიცარიასა და აშშ-ში.
ქამდე, ნოემბერში, ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ Goldman Sachs-ის ორი ყოფილი ბანკირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ერთ-ერთმა მათგანმა, ტიმ ლეისნერმა თავი დამნაშავედ სცნო და აღიარა, რომ ჩართული იყო ფულის გათეთრებაში.
“ცხადია, რომ მოგვატყუეს. რა თქმა უნდა, არსებობს დამადასტურებელი საბუთები იმისა, რომ Goldman Sachs უკანონო ქმედებებს ახორციელებდა”, – აცხადებს მალაიზიის პრემიერმინისტრი.
მთლიანობაში, 1MDB-თან თანამშრომლობის შედეგად, Goldman Sachs-მა 600 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Goldman Sachs-ის აქციები ბოლო ორი წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა, რის შემდეგაც მალაიზიის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულად აღადგენს საკომისიოებს, რაც ბანკს გადაუხადა. თავად Goldman Sachs კი ყველანაირ ბრალდებებს უარყოფს.