მაისში ინფლაციამ რეკორდულ 7.7%-ს მიაღწია

9

საქსტატმა დღეს მაისის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი – 7.7%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.

ფასების ყველაზე მაღალი 17.4%-იანი ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირება იყო. სხვა ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდა ასეთია:

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.6 პროცენტიანი მატება, რაც 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3.2 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9.4 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.0 პროცენტი), თევზეული (7.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4 პროცენტით, რაც 1.01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

Comments
Loading...