ლიეტუვა კრძალავს თვითმფრინავებს, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მოძრაობენ

6

ლიეტუვა აცხადებს, რომ ნებართვას არ გასცემს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მიფრინავენ ან მოფრინავენ – მას შემდეგ, რაც ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომელშიც ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი იჯდა, აიძულეს, მინსკში დაფრენილიყო.

“აკრძალულია ყველა რეისი, რომელიც ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით მიფრინავს, ან მოფრინავს ლიეტუვის აეროპორტებში”, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა, მარიუს სკუოდისმა სამთავრობო შეხვედრაზე. აკრძალვა ძალაში შევიდა 25 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შეხვედრის მონაწილეებს უთხრა, რომ ლიეტუვის მოქალაქეებს ურჩევენ, არ ჩავიდნენ ბელარუსში, ხოლო მათ, ვინც უკვე იქ არის, მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. მინისტრის თქმით, 23 მაისს კომპანია რაინეარის თვითმფრინავის მარშრუტის იძულებითი შეცვლა და დაშვება ასახავს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციას.

პარალელურად, კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია, Avia Solutions Group-ი აცხადებს, რომ ლიეტუვისკენ მიმავალი მისი ავიახაზები აღარ გამოიყენებენ ბელარუსის საჰაერო სივრცეს.

ბელარუსის ხელისუფლებამ საბრძოლო თვითმფრინავი გამოიყენა ვილნიუსიდან ათენისკენ მიმავალი, “რაინეარის” სამგზავრო თვითმფრინავის ესკორტისთვის, ბომბის შესახებ უსაფუძვლო ცნობის გამოყენებით. როცა თვითმფრინავი დაეშვა, პოლიციამ დააკავა ოპოზიციონერი აქტივისტი და ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი, რომელზეც ბელარუსში საქმეა აღძრული.

Comments
Loading...