ლექვინაძე: უცხოელ მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების აკრძალვაში პრობლემებს ვხედავთ

213

საქართველოს ორგანულ კანონში "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" შესაძლოა ცვლილება შევიდეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწა აღარ გასხვისდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიზნეს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

"ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ის ორგანული კანონი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მუშაობა. ჩვენ ჯერ ველოდებით საბოლოო ფორმატს, თუ როგორი ინსტრუქციები და რეგულაციები იქნება ამ ორგანულ კანონში, თუმცა მთლიანად აკრძალვის შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ორ მთავარ პრობლემას.

პირველი უკავშირდება კვალიფიციურ ინვესტორებს, რომლებსაც რეალურად სურთ ქვეყანაში წარმატებული აგროინდუსტრიების შექმნა. ამის კარგი მაგალითები ქვეყანაში არსებობს და მეორე უშუალოდ ბანკებთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც გირავნობაში უდევთ მიწა, როგორც აქტივი და მათი ბედი მომავალში არის გაურკვეველი. ეს საკითხი პრობლემას უქმნის ფერმერსაც, რომელსაც სურს, რომ საკუთრი აქტივებით დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეს.

ბუნებრივია, მთლიანობაში შეიძლება ამ საკითხის აკრძალვამ გაზარდოს რისკები საფინანსო სექტორში ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა ეს კვალიფიციურ ინვესტორებს არ უტოვებს შესაძლებლობას, განავითარონ საკუთარი ბიზნესები", – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

Comments
Loading...