კორონავირუსით გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 822 მლნ ლარი დაიხარჯა

4

“საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველომ” 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 921 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 822 მლნ ლარი (დაგეგმილის 89.3%) დაიხარჯა.

პანდემიამ სახელმწიფო ბიუჯეტში ახალი ხარჯვითი პროგრამების შექმნა განაპირობა. პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება.

ჯანდაცვის მიმართულებით იანვარ-ივნისში 511.1 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, საიდანაც 425 მლნ ლარი დაიხარჯა, მათ შორის 96 მლნ ლარი ვაქცინის შეძენას მოხმარდა. 11 მლნ ლარი კარანტინზე და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯა.

სოციალურ დახმარებებზე 350 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ყველაზე მეტი თანხა კი – 142 მლნ ლარი დროებით უმუშევრად დარჩენილების კომპენსაციაზე იქნა გაცემული. 105 მლნ ლარი დაიხარჯა კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე.

ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით სულ 36 მლნ ლარი დაიხარჯა და გეგმა 96%-ით შესრულდა.

პანდემიის გამო წლის ბოლომდე ჯანდაცვის მიმართულებით 831 მლნ ლარი დაიხარჯება, სოციალური მიმართულებით – 415 მლნ ლარი და ბიზნესის სუბსიდირების მიმართულებით – 112 მლნ ლარი. სამივე მიმართულებით ჯამში 1.4 მლრდ ლარამდე დაიხარჯება.

Comments
Loading...