“კონსტიტუცია უსინათლოთათვის” – საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი გამოცემა

596

დღეს,  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა პრეზენტაცია "კონსტიტუცია უსინათლოთათვის", რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები და მოწვეული სტუმრები, მათ შორის უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე და კავშირის ბათუმის ფილიალის წევრები.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიმართა: "ნება მომეცით, გაცნობოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის დაბეჭდვა ბრაილის შრიფტით, და ასევე, პირველად საქართველოში, ჩაიწერა და გამოიცა საქართველოს კონსტიტუცია აუდიო წიგნის სახით. დღეს კი, ჩვენ ყველას გვაქვს პატივი, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესთან, ბატონ რევაზ მაისურაძესთან, და მის წევრებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინოთ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული გამოცემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ძირითადი კანონის ხელმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოებაში. კერძოდ, უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობის გზით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად გაეცნონ საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს.

უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაზე და ხელი შეუწყო თითოეული ინდივიდის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული ფაქტი გვევლინება იმის ერთ-ერთი წინაპირობად, რომ ჩვენ საზოგადოებაში დღეისათვის ერთიორად მზარდია ინტერესი საქართველოს კონსტიტუციისადმი და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მიმართ. დღევანდელი აქტივობა სწორედ ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის ცნობადობის, მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას ჩვენი საზოგადოების იმ წევრების მიმართ, რომლებსაც ნაკლები შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქვეყნის უზენაეს კანონს.

აქვე, ნება მომეცით აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალურად არის დაინტერესებული საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით საზოგადოებას წარვუდგინეთ ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე. ხსენებული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, განხილული საქმეების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მიმოხილვას. საკონსტიტუციო სასამართლო აგრძელებს აქტიურ მუშაობას საზოგადოებაში კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობისადმი ცნობადობის ამაღლების მიზნით".

დამწრე საზოგადოებას მიესალმა უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარე რევაზ მაისურაძე. მან მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებისთვის და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი.

Comments
Loading...