კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

393

12 აპრილს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება ახალი თანამშრომლების მომზადება, არსებული თანამშრომლების გადამზადება  და დარგის სპეციალისტებისთვის აუცილებელი პროფესიული კომპეტენციების განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა gwp-ის სასწავლო ცენტრი, რომელსაც რეგიონის მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

სასწავლო  ცენტრი "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან ერთად განათლების და მეცნიერების მინისტრმა – ალექსანდრე ჯეჯელავამ,  თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საგანმანათლებლო კამპანია #დაზოგეწყალი აქტიურად გრძელდება, ვარკეთილის 16 სკოლაში gwpოლიმპიადის პირველი ეტაპი დასრულდა.

ოლიმპიადის ფარგლებში, gwp-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვის" წარმომადგენლებმა შემეცნებითი ტრენინგები და ეკოვიქტორინები ჩაატარეს. ვიქტორინების შედეგად გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც ერთმანეთს  წყლის დაზოგვის თემაზე სხვადასხვა აქტივობაში შეეჯიბრებიან და წყლის მდგრადი მოხმარების საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ. გამარჯვებული სკოლის გუნდი "ეკობანაკის" საგზურით დაჯილდოვდება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 11 აპრილს, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საინვესტიციო პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, 2017 წლის პირველი სამი თვის მანძილზე, 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დედაქალაქის მასშტაბით 38  ქუჩაზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა  უკვე სრულად განახლდა – 16,4კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი ახლით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟებულია 200 ერთეული წყლის წნევის რეგულატორი და 292 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები  ერთდროულად, 24 ქუჩაზე დგანან – გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის და ჩუღურეთის რაიონებში, სადაც 45კმ  წყალსადენის და წყალარინების ქსელები  ახლით იცვლება.

მიმდინარე კვირას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების მოსახლეობის წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, საგურამოს სათავე ნაგებობიდან, ალტერანტიული კვების წყარო მოაწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, წიწამურში, ქალაქ თბილისის მე-6 მკვებავი  მაგისტრალური ქსელის 0.5კმ სიგრძის მონაკვეთი სრულად განახლდა. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ჩუღურეთის რაიონში,  რეგულატორებისა და ურდულების პროგრამის ფარგლებში,  ტექნიკური სამუშაოები დღეს განხორციელდება. დადიანისა და ზაზიშვილის ქუჩების კვეთაზე, 500მმ-იანი ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება. შედეგად, ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ნაძალადევის რაიონში, ლამისყანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალარინების ქსელის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

ამავე რაიონში, გვაზაურის ხევის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 950 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს –  წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და  7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

ამავე რაიონში, კულა გლდანელის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს – წყალსადენის ქსელის 1.8 კმ-ზე მეტი სიგრძის  მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

2017 წლის მანძილზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

Comments
Loading...