კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

430

gwp-ის სერვისებით სარგებლობა ახლა უკვე მობილური აპლიკაციითაც არის შესაძლებელი – კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მობილური აპლიკაცია შექმნა, რომლის ინსტალაცია  iOS და Android ოპერაციული სისტემების სმარტფონებზეა შესაძლებელი, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

"gwp მობაილ აპლიკაციის საშუალებით მომხმარებლები ოპერატიულად მიიღებენ ინფორმაციას წყალმომარაგების და წყლის ხარისხის შესახებ, დაუკავშირდებიან კომპანიის კონსულტანტებს ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით, დარეგისტრირდებიან SMS სერვისით სარგებლობისთვის, შეამოწმებენ აბონენტის დავალიანებას და გაეცნობიან სერვისცენტრების ადგილმდებარეობას.

2017 წელს, სამგორის რაიონში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გამგეობასთან ერთად 44 ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას განახორციელებს. კომპანია აღნიშნულ ქუჩებზე წყალმომარაგების ქსელის 34კმ სიგრძის მოძველებულ მონაკვეთს შეცვლის. ასევე, რეგულატორების და ურდულების პროგრამის ფარგლებში, წყალმომარაგების სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით, ევროსტანდარტის შესაბამის ჩამკეტ- მარეგულირებელ ურდულებს და წნევის რეგულატორებს დაამონტაჟებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებაში 8.5 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნულ ქუჩებზე, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამგორის რაიონის გამგეობა გზის ინფრასტრუქტურას სრულად მოაწესრიგებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

დედაქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობისა და გაუმჯობესების მიზნით, სამგორის რაიონში, გოკიელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის ფარგლებში, კომპანიამ წყალსადენის 110 მმ-იანი ქსელის 250 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა და 10 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, სამგორის რაიონში, ორხევის დასახლების წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებში, ერთდროულად ორ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სააკაძის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 770 მეტრი სიგრძის და აბზიანიძის ქუჩაზე 170 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

ამავე რაიონში, ქიზიყის ქუჩაზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. წყალსადენის ქსელის 880 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ პროექტში, კომპანიამ 170 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა –  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

2017 წლის მანძილზე კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება", – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...