კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

375

22 მარტს, წყლის რესურსის დაზოგვის საერთაშორისო დღეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო საგანმანათლებლო კამპანია – #დაზოგეწყალი დაიწყო. პროექტის მიზანი – წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. კამპანიის მხარდამჭერები არიან: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები.

კამპანიის პრეზენტაცია ვარკეთილში, N117-ე სკოლაში გაიმართა, სადაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“  პროექტის მხარდამჭერ სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

#დაზოგეწყალი – კამპანიის საპილოტე პროექტი ვარკეთილის დასახლების 16 სკოლაში, 3 თვის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვასთან“ ერთად განხორციელდება.

აღნიშნული საპილოტე პროექტი, წყლის რესურსის მდგრადი მოხმარების ეროვნული  მასშტაბის კამპანიის საფუძველია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კამპანიას #დაზოგეწყალი  თბილისის დანარჩენ რაიონებშიც განახორციელებს.

მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კომპანიამ მაგისტრალური წყალსადენის 2.2 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეცვალა.  ასევე, ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 16  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დაამონტაჟა. შედეგად, ცაიშის ქუჩის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ცაიშის ქუჩაზე ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 390 მეტრი და წყალარინების ქსელის 630 მეტრი სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით იცვლება.

სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  წყალსადენის ქსელის 4.3კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი 76 ურდული მონტაჟდება.

ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია –  წყალსადენის ქსელის 1კმ-ზე მეტი  სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 28  ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.

გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში,  სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება და ურდულების და რეგულატორების პროგრამის ფარგლებში, 7 ახალი, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. აღნიშნულ სარეაბილიტაციო პროექტში კომპანია 538 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ამავე რაიონში, კულა გლდანელის ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

ვაკის რაიონში, წყნეთში, ამილახვრის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრების ეტაპზეა – წყალსადენის ქსელის 160 მეტრი სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე  განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Comments
Loading...