კომპანია “ქობულეთური” განცხადებას ავრცელებს

37

ბაგა ბაღების საკვები პროდუქტებით მომმარაგებელი კომპანია “ნილის” ქვეკონტრაქტორს კომპანია “ქობულეთურს”, პროექტში მონაწილეობის უფლება შეუჩერდა. მიზეზი სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული შემოწმება გახდა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „ქობულეთურის“ პროდუქციაში, კერძოდ კი არაჟანში მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა.

“ქობულეთურის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

“ქობულეთურის” წარმომადგენლების განცხადებით, ბაღში,  სადაც მცენრეული ცხიმი აღმოჩნდა, დოკუმენტებზე არ არის მითითებლი მწარმოებელი კომპანია,  რომელიც ეტიკეტზე აუცილებლად  იქნებოდა აღნიშნული.

“ქობულეთურის” წარმომადგენლების თქმით, მონიტორინგი ჩატარდა 2 სხვადასხვა საბავშვო ბაღში (ნომერ 2 -ე და 111-ე ბაღებში) და შემოწმება ჩაუტარდა ერთი და იგივე რიცხვში გამოშვებული პროდუქციას (არაჟანს).

მათი ინფორმაციით, არაჟანი ერთსა და იმავე პარტიის ერთ სახარშ ქვაბში იყო დამზადებული. შემოწმებამ კი დაადგინა, რომ ერთ მათგანში, 111-ე ბაღში შეტანილ პროდუქტში, მცენარეული ცხიმი აღმოჩნდა, მეორეში კი არა, რაც კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გამორიცხულია. მითუმეტეს, რომ ორივე ნიმუშზე კვლევა ერთმა ლაბორატორიამ ჩაატარა.

კომპანია „ქობულეთურის“ წარმომადგენლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება ერთი და იგივე თარიღით და პარტიის ნომრით გამოშვებულ პროდუქციაში ერთ შემთხვევაში აღმოჩნდეს მცენარეული ცხიმი, მეორეში კი – არა.

“ქობულეთური” გეგმავს გამოითხოვოს კვლევის ნიმუშები ლაბორატორიიდან და საზღვარგარეთ აკრედიტებულ ლაბრატორიაში გადააგზავნოს.

Comments
Loading...